საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში ცვლილებაა. მეხანძრე-მაშველი დაქორწინების, შვილის შეძენის ან არასრულწლოვნის შვილად აყვანისას 1875 ლარის ოდენობის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს,- ბრძანებულება ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
მეხანძრე-მაშველი ასევე, ერთჯერადად, 1875 ლარს მიიღებს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაშიც.
„მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები ფულადი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის სრულ ოდენობამდე შესავსებად.
მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აზღვევს სახელმწიფო.
კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს) უნარჩუნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.