,,რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა”

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მიერ შერჩეულ გუბერნატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი ქვეყანას მოახმარონ.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება გახლავთ. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი. ის გეგმები, რომლებიც ჩვენ დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად, სრულყოფილად და რაც მთავარია, მაღალი დონის დისციპლინით.
რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მექანიზმი. ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ პირდაპირი კავშირი გვქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რაც თითოეულ სოფელში არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი შესაძლებლობა მათზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.