სასამართლომ აბაზოვი კვლავ პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გვიან ღამემდე  მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის პროცესი მიმდინარეობდა. მოსამართლე მადონა მაისურაძემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და აბაზოვი კვლავ პატიმრობაში დატოვა, ამასთან ერთად მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

,,უსამართლო გადაწყევტილება იქნა მიღებული სასამართლოს მიერ, მაშინ, როდესაც სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბატონი თემურ აბაზოვი. რაც შეეხება წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო ვერ გამოირჩევა სამართლიანი გადაწყვეტილებით, ვინაიდან დაცვის მხარეს ფაქტიურად ჰქონდა დასაბუთებული პოზიცია. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ, რომელიც ეხებოდა კერძო საკუთრებიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხს, რაც არ იყო სასამართლოს კონტროლქვეშ დაქვემდებარებული. ეს პროცესუალური, მაგრამ არსებითი სახის დარღვევაა, თუმცა სასამართლომ ამ მიმართულებით თვალი დახუჭა“, – განაცხადა სხდომის დასრულებისას თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსაშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე მზად არის თემურ აბაზოვის და სხვა პირთა უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებაში უკვე საქმის არსებით განხილვაზე დაადასტუროს.