მამუკა ბახტაძე – რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს

რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ტელეკომპანია Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას.

„ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა საქართველოს მხოლოდ 80%-ის ნატო-ში ინტეგრაცია, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საქართველოსთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.

„ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში.

ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20% და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს.

„ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობებზე, მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ ტრამპის დიალოგი რუსეთთან იმედისმომცემია, რადგან ალტერნატივა არ არსებობს.

„ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემი იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით, რადგან დიალოგი უალტერნატივოა. თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის კონტექსტიც, რადგანაც არასტაბილურობა და, შესაბამისად, გამოწვევებიც იზრდება, მაგრამ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან უმაღლეს დონეზე არის ძალიან ნაყოფიერი და პოზიტიური ნაბიჯი“, – აცხადებს ბახტაძე.