“რუსთავი არ არის ჯიხურების ქალაქი”-კამათი საკრებულოს სხდომაზე

ერთ-ერთი კომპანიის ჯიხურების ფუნქციონირებაზე ვადის გახანგრძლივების საკითხის განხილვას საკრებულოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. კომპანია, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე აქვს განთავსებული სავაჭრო ჯიხურები რუსთავის მერიას მუშაობის გაგრძელებას სამი წლით სთხოვდა. შესაბამისი ინიცირებით აღმასრულებელმა ორგანომ დღეს საკრებულოს მიმართა და კომპანიისთვის ვადის ერთი წლით გახანგრძლივებაზე თანხმობა მოითხოვა. საკითხის განხილვას საკრებულოსი აზრთა სხვადასხვაობა და კამათი მოჰყვა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკითხი დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს და იქამდე სანამ მერია ინიცირებით შევიდოდა საკრებულოში, აღნიშნულის განხილვა საკრებულოს წევრების ჩართულობით უნდა მომხდარიყო. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები მიიჩნევენ, რომ ინიციატორს არ აქვს შესაბამისი დასაბუთება. საკრებულოს წევრები ფიქრობენ, რომ ჯიხურები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მაშინ, როცა სხვა კერძო პირებს მათ განთავსებაზე პრობლემა ექმნებათ და შესაბამისი ნებართვების გაცემა ფაქტობრივად არ ხდება, სხვა კომპანიას არ უნდა მიეცეს ქალაქში სავაჭრო ობიექტის უსახურ ჯიხურში ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება.