პრეზიდენტმა უვადო პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ შეწყალებულ პატიმართა შორის ერთ-ერთი უვადო პატიმარი, 52 წლის მარნეულელი საიათ ისმაილოვია, რომელსაც 2007 წელს უვადო პატიმრობა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით მიესაჯა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე განმარტავს, რომ “სულეიმანოვს ჰქონდა შემოტანილი განცხადება, რომელიც განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და პრეზიდენტს შევთავაზეთ რეკომენდაცია, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და პატიმარს დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“.
გიორგი მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში რვა უვადო პატიმარი შეიწყალა – მათ გათავისუფლების ვადა განუსაზღვრა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი 27 სექტემბერს გამოსცა და 111 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალებულ პირთაგან 42-მა იმავე დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება, რომელთაგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი იყო.

ვადიანი, ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 69 პირს შეუმცირდა, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძე, თუმცა მის შეწყალებაზე კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა.