რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ორი მოწმე დაიკითხა.
სასამართლოს წინაშე პირველად ​ის დეტექტივ-ინსპექტორი წარდგა, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველმა მოიპოვა და პატაკი დაწერა.
გაცილებით დიდხანს გაგრძელდა მეორე მოწმის დაკითხვა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა, როგორ მიიყვანა დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ შორის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა.
ადვოკატ გაგა მოსიაშვილის განცხადებით, თემურ აბაზოვის ბრალის დადასტურება ვერ მოხერხდა.
„ფიზიკურად შეუძლებელია ბრალის დადასტურება. რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს მოწმეებმა არანაირ კავშირში არ არის თემურ აბაზოვთან. აბაზოვის ბრალდება ჩამოკიდებულია მხოლოდ ერთადერთი დაზარალებულის ჩვენებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორ ლევან ლაზარიშვილის განცხადებით, ერთ-ერთმა მოწმემ დაასახელა მარნეულის ინციდენტში ბრალდებული სამი პირი.
„წარმოვადგინეთ მოწმე, რომელიც პირდაპირ შეესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში. მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ აღნიშნული პირი მიჰგვარეს თემურ აბაზოვს. დაასახელა სამივე ბრალდებული, კონკრეტული გარემოებები, როგორ და რით მიაყენეს ეს დაზიანებები. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარეს გვყავს პირდაპირი მოწმეები, ასევე გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, სხვა სატელეფონო საუბრები. მიგვაჩნია და მოლოდინი გვაქვს, რომ კონკრეტული ბრალდებულების მიმართ უდავოდ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა ლევან ლაზარიშვილმა.
მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს
სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ამავე საქმეზე, ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.