ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს-მამუკა ბახტაძე

6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 6 წელი მოკლედ შეაჯამა და იმ ძირითად ფასეულობებსა და მიზნებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს.
„2012 წლის პირველი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. 6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს. ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა უდიდესი გამარჯვება, მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების გზაზე. საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე 6 წლის წინ. ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში და ეს პროგრესი არის ხელშესახები. მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ.
ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ევროპული ქვეყანა, მივაღწიოთ ჩვენს საერთაშორისო მიზნებს, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.