ხანძრით დაზარალებულებმა ვაჭრობა განაახლეს

რუსთავში, ბაზრის ხანძრის დროს დაზარალებულებმა დღეს საქმიანობა ალტერნატიულ ფართში დაიწყეს. მათი თქმით, ფართი მათ ბაზრობის მეპატრონემ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე  უსასყიდლოდ გამოუყო, თუმცა საქონელი, რომლითაც უნდა ივაჭრონ სესხებით გამოიტანეს. დაზარალებულები მთავრობისგან დახმარებას და ფულად კომპენსაციებს ითხოვენ.  ხანძრის დროს დაზარალებული 43 მოვაჭრე ელოდება , რომ ადგილობრივი მთავრობის შუამდგომლობით საფინანსო ორგანიზაციები მათ კრედიტებს გადაუვადებს. ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სავაჭრო ობიექტში ცეცხლი 1 ოქტომბერს გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე უკვე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების ფაქტზე  სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.