სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება დაიწყება

ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“, მოსწავლეები 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიას შეისწავლიან. საკითხის შესწავლა სკოლებში მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, სკოლებში ამ საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის მიზნით დაინერგა.

„2015 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა.

სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ამავდროულად, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავად თავდაცვის სამინისტრომ მიერ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო. „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო . ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება (მონიტორინგი). ეს იქნება ცალკე საგანი. რამდენიმე სკოლაში პილოტირება მე-10 კლასში ჩატარდება. ამ დროისთვის, უწყებას საგნის სწავლებისთვის 20-მდე პირი ჰყავს გადამზადებული“, – განაცხადეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.