ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ბიბლიოთეკა მოეწყო

26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ვაზიანის ბაზაზე სამხედროებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყო.

“IV მექანიზებულ ბრიგადას ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ IV მექანიზებული ბრიგადას საჩუქრად 400 წიგნი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მისმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ლექცია წაუკითხეს. ღონისძიებაზე, 98 წლის წინ, თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ფოტო და ბიოგრაფიული მასალაც იყო გამოფენილი.

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკამ თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზას წიგნები საჩუქრად უკვე გადასცა, წიგნის კუთხე მოეწყო ავღანეთში, თავდაცვის ძალებში დასაქმებულმა ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს. მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა.”- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.