ქვემო ქართლის რეგიონში ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა ამოქმედდება

ქვემო ქართლის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა ამოქმედდება -ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც მხარისა და  მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ  ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  დაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.დაავადებათა ადრეული გამოკვლევისა და პროფილაქტიკის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების რეგიონულ დონეზე გადაწყვეტა და პრევენციულ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის როლის გაძლიერება იყო მთავარი საკითხი ,რომელიც შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს.

როგორც შეხვედრის ფარგლებში გახდა ცნობილი, სავარაუდოდ მაისის თვეში სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ინტეგრირებულ სკრინინგზე მუშაობა დაიწყება. იგეგმება პირველადი ჯანდაცვის ექიმების  გადამზადება და შემდგომში მათი მკურნალობის პროცესში ჩართვა. საუბარი შეეხო ასევე ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებას . რეკომენდაციები გაიცა წითელას პრევენციის პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობაზეც.