ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

გორგოძის თქმით, რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა.

3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.