საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ამერიკასა და საქართველოს შორის ფრენების დროულ მოწესრიგებაზე.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები.

„ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის. პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით,” – განაცხადა პრემიერმა.