სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები – 1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
” გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში