12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება

მთავრობა პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, რომ 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წმინდა სინოდმა გასული წლის ბოლოს 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.