დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, დღეს, 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება.

დღეს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, 10:00 საათზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.

წმინდა სინოდმა გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინებოდა ინიციატივა, რათა დაჩქარებული წესით მიეღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, დადგენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. მთავრობის მიმართვის შემდეგ, პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.