ცესკოს პირველადი მონაცემებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. ეს 5 ოლქია ზუგდიდი, მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა და ხულო.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.
მარნეულში სულ 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
90-ვე უბნის შედეგებით, მარნეულის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 79,6% მიიღო.
მეორე ადგილს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევი 11,49%-ით იკავებს. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა კი 7,54% მიიღო.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში – 107 უბნის მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18% . “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 42,84% მიიღო.
არჩევნებზე ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი – 107 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში იყო გახსნილი.
ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო. მეორე ადგილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა ბაქარ ხიჯაკაძე 34,26% – ით დაიკავა.
ზესტაფონის საარჩევნო ოლქში სულ გახსნილი იყო 53 საარჩევნო უბანი.
ჭიათურაში მერის რიგგარეშე არჩევნებზე პირველ ადგილს კვლავ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%– ით იკავებს.
აქ ხმათა 1%-ზე მეტი მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო. ზურაბ კუპატაძე 17,99% და დავით ჭუმბურიძე 15,26%.
ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ხმების 70% , ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23,7% მიიღო.