დაშბაშის კანიონზე ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება (+ფოტო)

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინვესტორი კომპანია „კასს ლენდია“. დამფუძნებელი ხანოხ კასი აცხადებს, რომ დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 50-60 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. „ვგეგმავთ უნიკალურ პროექტს. ეს იქნება შუშის ხიდი, რომელშიც მოთავსებული იქნება ბარი. ამასთან, იქნება ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. პროექტით დაინტერესებულია მსოფლიო მედია, მათ შორის CNN,“-განაცხადა ხანოხ კასმა.

ინვესტორის თქმით, პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება და შედეგად ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 1 მლნ-ით გაზრდაა მოსალოდნელი. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, დაშბაშის კანიონსა და ყაზბეგის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში შპს „კასს ლენდმა“ გაიმარჯვა და ამ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, დაშბაშის კანიონზე, 83 ჰა-ზე ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს. მათ შორის ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – შუშის ხიდი, რომელი იქნება 240 მეტრის სიგრძის და კანიონის ერთი ნაპირიდან გადავა მეორე ნაპირამდე.