საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების აღდგენის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიება კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვისა და უნიკალური სახეობების აღდგენის მნიშვნელობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ბუნებაში აღწარმოების მიზნით, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი იქნება. პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი იშვიათი ფრინველი ,,კოლხური ხოხობი’’ ბუნებაში გაუშვეს. საქართველოს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული ,,მწვანე ეკონომიკის’’ სტრატეგიის ფარგლებში, დაფუძნდება სააგენტო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, ღონისძიებებს გაატარებს. კრწანისის ტყე-პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტო – ,,გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი’’ და ,,ველური ბუნების ეროვნული სააგენტო’’ განთავსდება. ტერიტორიაზე ჩატარდება არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოები. პარალელურად, დაირგვება ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი ,,საქართველოს წითელ ნუსხის’’ ხე-მცენარეთა ნერგები. იქვე მოეწყობა საქართველოს გარეულ ფრინველთა საშენი და მტკვრის აუზის იქტიოფაუნის თევზსაშენი.