ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

პოლიციამ ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარედგინა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.ჯ დააკავეს. ირკვევა, რომ მეუღლე ქალზე ძალადობა, რის გამოც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე – 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის – 1958 წელს დაბადებული ე.შ.-ს მხრიდანაც, რის გამოც მას ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.