გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ სცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში.

დღესვე ბრალდებულმა ბოლო სიტყვით ისარგებლა, მისი თქმით, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე უნდა გასამართლდეს.

შეგახსენებთ, გორში ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს, მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობის ბრალდებით, იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.

მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას გულისხმობს. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.