2008 წლის აგვისტოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „მუხრუჭებმა უმტყუნა“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვმა მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანა თავს დაესხა თავის მოქალაქეებს, თავს დაესხა სამშვიდობო ჯარებს, რომელთა შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ.
„ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, პირველ რიგში შეერთებული შტატები, ყოველნაირად ცდილობენ მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. გაიხსენეთ, 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამბობენ, უმტყუნა მუხრუჭებმა და მან მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის იმ გაფრთხილებების მიუხედავად, რასაც აკეთებდა ვლადიმერ პუტინი, გადაწყვიტა ძალის გამოყენება იმისთვის, რომ მოეგვარებინა ყველა თავისი პრობლემა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთშიც. იქ მუშაობდა ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი. ავარჯიშებდნენ საქართველოს სპეცრაზმსაც და მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეებსაც და ბრძანებები, რომლებიც გაიცა, სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად, ისინი თავისთავად დანაშაულებრივია, ეს ყველას ესმის. ის თავს დაესხა თავის მოქალაქეებს, თავს დაესხა სამშვიდობო ჯარებს, რომელთა შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. ევროკავშირის შეკვეთილმა სპეციალურმა კვლევამ, მკაფიო დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ლათინურ-ამერიკულ მედიასაშუალებებთან.