ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მსურველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების ნახვა უკვე შეუძლიათ.
საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში (naec.ge) უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში.

განმარტების სახით განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ინფორმაციას naec.ge ავრცელებს.