ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„გამოტანილი არის დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,“ – განაცხადა პროკურორმა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების გარდა, “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელი გენერალური დირექტორის კომენტარებიც დაედო.

„ამ კომპანიის დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ანდა თვალთმაქცური გზით გადამალვის ფაქტზე. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე… კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა,“ – ამბობს პროკურორი.

ნიკა გვარამია ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე არის პროკურატურაში დაბარებული.

“ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით,“ – განაცხადა პროკურორმა.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.