რუსთავში “ფორსაჟი 9-ის” ეპიზოდს გადაიღებენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინო მწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდს საქართველოში გადაიღებენ, მათ შორის გადაღებები გაიმართება რუსთავში  -ამის შესახებ ინფორმაციას  „აწარმოე საქართველოდან“ავრცელებს. ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე), შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ : კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.
 
რუსთავში ეპიზოდის ეპიზოდის გადაღება 3 სექტემბერს დაიწყება და პროცესი 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  

„აწარმოე საქართველოში“  სააგენტოს  ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში. მათივე  ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.
 
საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს.
დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი.