საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვრის მართვის სტრუქტურებთან და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში დავრჩებით. ევროჯასტთან შეთანხმება ხელმოწერილია და ძალაშია 27 ივნისიდან. იცით, რომ საქართველოს იუსტიციის სისტემა ევროპული გაგებით არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნიშნავს, არამედ ნიშნავს პროკურატურის ორგანოებს, სასამართლოებს. 27 ივნისიდან მთელი ჩვენი იუსტიციის სისტემა არის ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ საქმეებზე სახელმწიფოს ინტერესების ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში და როდესაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.