მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა 2000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება დღეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო.

ამასთან, სასამართლომ საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, ომარ გამყრელიძის შვილიშვილის აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა.

დაკავებულის ადვოკატმა  განმარტა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ის მოწმეებზე, ასევე გარშემომყოფებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნულს არ ეთანხმება ბრალდების მხარე.

სხდომაზე დაცვის მხარის მოწმის სახით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოს გამომძიებლები დაიკითხნენ. მოწმეებმა მკვლელობის დღეს და შემთხვევის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა, ერთ-ერთი ექსპერტის დისტანციური წესით დაკითხვაზე დააყენა შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა..

მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული.

მოგვიანებით ომარ გამყრელიძეს ბრალი დაზუსტდა და როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულთა საქმეები 14 აგვისტოს გაერთიანდა.