რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი დაამტკიცეს, რომლითაც პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა აკრძალულია, ხოლო გამონაკლისის სახით განსაზღვრულია ქუჩები, სადაც დასაშვებია პირუტყვის გადარეკვა.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, რაც ითვალისწინებს 20 ლარით დაჯარიმებასა და პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნის შემთხვევაში მათ გადაყვანას სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. პირუტყვის გადაყვანასა და მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი უზრუნველყოფს.
დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ასევე რუსთავის მერიის დებულებასა და მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში, რომელიც საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ამოქმედებამ განაპირობა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N11 დადგენილებაში.
დღესვე დეპუტატებმა მოიწონეს 2020 წელს რუსთავში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და საკრებულოში მოქმედ 4 დროებით სამუშაო ჯგუფს უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.