“როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?”- ჟურნალისტის მიერ პუტინისთვის დასმულ შეკითხვაზე და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პასუხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი არ გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, რუსეთთან არსებული პრობლემების მოგვარებაში საქართველოს ხელისუფლება თავის პარტნიორებთან სრულ სინქრონში მოქმედებს.
“მე მთხოვთ განცხადებას იმაზე, რაც არ მინახავს და არ მომისმენია. შემიძლია გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ვიცი და რაც მოხდა, საქართველოს და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა, პირველი ის, რომ ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, მეორე, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი პრობლემები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, მოაგვაროს.ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როდესაც მე ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა და დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენ გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს,”- აღნიშნა გახარიამ.