რუსთავში, 52 სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდა.
რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2018 წლის დეკემბერში, ქალაქის საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა და განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა შერჩევა მოხდა.
2019 წლის თებერვალში შეიქმნა ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“.საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, სწორედ კომისიამ შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი 52 რუსთაველი ოჯახი.
აღსანიშნავია, რომ კომისიაში არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობდნენ. საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 800 097 ლარია.
საცხოვრისის გახსნაზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე იმყოფებოდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი ბინის გასაღები ბენეფიციარებს პირადად გადასცეს.