სასულიერო პირების მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობა- ომბუდსმენი გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას,რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა, ჩადენილი იყოს არასრულწლოვანების მიმართაც.

“მინდა განვმარტო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი რეაგირების თხოვნით წერილობით შინაგან საქმეთა სამინისტროს , გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკვე მიმართა.

“მსურს საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

5 ნოემბერს საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ, მეუფე ზოსიმე 1988 სასულიერო სემინარიის სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. იმ დროს ზოსიმე სემინარიის დირექტორი იყო. მეუფე ზოსიმემ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.