რუსთავის ისტორიული ციხის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

რუსთავის ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე სამუშაოების ფარგლებში ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.როგორც ცნობილია, ეს არის ციხის ყველაზე დაზიანებული მონაკვეთი. რესტავრაციის ფარგლებში ჩამონგრეული ფასადი გამაგრდება და დაზიანებული მონაკვეთები შეივსება.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერაა შემუშავებული და მისი ღირებულება 21 200 ლარია. პროექტის საფუძველზე გამაგრება- კონსერვაციის სამუშაოებს შპს “ტაო ტბელი” შეასრულებს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას, ამისთვის ფონდმა ქართუმ” 120 000 ლარი გამოყო.

სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა და საპროექტო გეგმის დეტალებს გაეცნო. რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, ციხე-სიმაგრე უძველესი ქალაქი ციტადელს წარმოადგენდა. ციხე სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდე-გალავნისგან შედგება. პირველი ზღუდის არსებობა ამ ადგილებში მე-4-მე-13 საუკუნეებით თარიღდება.