ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა მძიმედ დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა მძიმედ დაშავდა. მუშები, წყალანირების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, რკინის კონსტრუქციის ქვეშ მოჰყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ მუშას, ფეხი მოსტყდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მეორეს კი, სხეულის მძიმე დაზიანება აქვს.

წყალანირების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერიის დაკვეთით, კომპანია „გზა“ ასრულებდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამუშაო ადგილას უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.