რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეების მიერ დახლებზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი იყიდება. გამომდინარე იქიდან, რომ ხორცი მაღალი რისკის შემცველი პროდუქტია,tv4 დაინტერესდა პროდუქციის ვარგისიანობითა და წარმომავლობით.
როგორც გამყიდველთა უმრავლესობა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, პირუტყვი მათსავე რეგიონში დაიკლა და შესაბამისი მოწმობაც ადგილობრივმა სასაკლაოებმა გასცეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოწმობის სახით ნაჩვენებ დოკუმენტზე არ არის მითითებული საქონლის დაკვლის ადგილი, სარეალიზაციო ვადები, ექსპერტიზის ნომერი, ტრანსპორტირების პირობები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამყიდველთა უმრავლესობა სიტყვიერად ირწმუნება, რომ ხორცი ახალია და მისი შეძენა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.
ითხოვენ თუ არა შესაბამის მოწმობას ხორცის შეძენის დროს და ენდობიან თუ არა სარეალიზაციოდ გარე დახლებზე განთავსებულ ხორცს ამის შესახებ კითხვა მომხმარებლებს დავუსვით.
როგორც აღმოჩნდა, ხორცის შეძენის დროს მომხმარებელი ყურადღებას არ აქცევს ფაქტს, რომ ხორცი გარე სივრცეში იყიდება, მანქანების გამონაბოლქვისა და სხვა ტიპის დაბინძურების მაღალი რისკის ფონზე.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ხორცის გარეთ შეძენის ერთ-ერთ მიზეზად, გამოტანილი პროდუქტის შედარებით დაბალ ფასსაც ასახელებს.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანი ჯანმრთელობაზე გარე დახლებზე შეძენილმა საეჭვო წარმომავლობის პროდუქციამ – ამ კითხვით სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამსახურის ხელმძღვანელს მივმართეთ.
როგორც მირანგულა ლიპარტელიანი აცხადებს ,გარევაჭრობის დროს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით იმდენად მაღალი რისკი არსებობს, რომ ამის შეფასება მის კომპეტენციას აღემატება. მისი თქმით, უვნებლობაზე საუბარი სრულიად ზედმეტია მაშინ, როდესაც საქმე გარეთ გამოტანილ ხორცს ეხება.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამსახურის უფროსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მათივე უსაფრთხოების მიზნით, არ შეიძინონ გარე დახლებზე გამოტანილი ხორცი.