გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლნისში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხრამზე, სამი მოქალაქე, ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს ხელჩანთაში ხრამულის სახეობ ის 14 კგ თევზი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ე.წ. გვარჯილა აღმოაჩნდათ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს აღნიშნული ნივთები ჩამოართვეს და დალუქეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნება“,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.