აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი შეათანხმა-დოკუმენტში საუბარი საქართველოსაც ეხება

აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტზე შეთანხმებას მიაღწია. მისი ჯამური ღირებულება 738 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის დოკუმენტში 2020 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია გაწერილი. დოკუმენტი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს რუსეთისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის და კრძალავს სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან.

ასევე, სანქციებია გათვალისწინებული თურქეთისთვის, „თურქული ნაკადის“ პროექტებისა და რუსული თავდაცვითი სარაკეტო სისტემების შეძენის გამო.

658 მილიარდი დოლარი თავდაცვის დეპარტამენტისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებს მოხმარდება. 71.5 მილიარდი დოლარი კი, საზღვარგარეთ ოპერაციებისთვის იქნება გამოყოფილი.

სენატის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

რუსეთთან დაკავშირებული საკითხების თავში, დოკუმენტში საქართველოს მხარდაჭერის შესახებაც არის საუბარი. საქართველო აშშ-ის ღირებულ მეგობრად არის მოხსენიებული, რომელმაც არაერთხელ წარმოაჩინა მისი ვალდებულება ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გაუმჯობესებისთვის, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ნატო-ს მისიებში. ასევე, აღნიშნულია, რომ ევროპული შეკავების ინიციატივა ამტკიცებს საქართველოს პარტნიორობას, რათა მან შეძლოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს აშშ-სა და ნატო-სთან, ისევე, როგორც უზრუნველყოს საკუთარი თავის დაცვა. საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ინიციატივაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ-სთან და ნატო-სთან ურთიერთქმედებისთვის, ასევე რეგიონში უფრო მშვიდი გარემოს შექმნისთვის.

დანაკარგების მიუხედავად, როგორც ნატო-ს პარტნიორი, საქართველო ერთგულია მტკიცე მხარდაჭერის მისიის ავღანეთში, სადაც სიდიდით მეოთხე კონტინგენტით არის წარმოდგენილი.

„კონგრესი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობას, მხარს უჭერს თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის, საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს თავდაცვა მისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიისთვის“, – აღნიშნულია კანონპროექტში.