ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. ლაშა ბექაურმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მან აღნიშნა, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

ბექაურის თქმით, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა. ის სპორტდარბაზიდან მოდიოდა და პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა. მისივე თქმით, პოლიციელებმა პირველი შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმისთანავე მიაყენეს, ხოლო ცემა სადგურის მოედანზე, მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს : ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.