ვარკეთილში, ზემო პლატოზე „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. შსს-მ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. დაკავებულები 166-ე მუხლის საფუძველზე არიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ზემო პლატოზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციაზე დაპირისპირება მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც ადგილობრივებთან ერთად მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა.
ადგილობრივების პროტესტს სამშენებლო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. გიორგი ბენაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია.