საია აბაზოვის გამართლებისთვის სასამართლოს და პროკურატურას აკრიტიკებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ რუსთავის სასაამართლოს  საკმარისი საფუძევლი ჰქონდა იმისთვის,რომ  მარნეულის ყოფილი მერი გაემტყუნებინა. 

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, რუსთავის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა  12 თებერვალს გაამართლა. 

გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია მიიჩნევს, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე ბრალდების შემსუბუქების შესახებ განაჩენის კეთილსინდისერებასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველს აჩენს.

“საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ თეიმურაზ აბაზოვს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება [პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება-გავრცელება] მოუხსნა, თუმცა აღნიშნულ მუხლში თეიმურაზ აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.

პროკურატურის განმარტებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ის 1443-ე მუხლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და დამატებით სხვა მუხლით ბრალის წარდგენის აუცილებლობა არ იყო.

 

გარდა იმისა, რომ აღნიშნული დასაბუთება არ არის შესაბამისობაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, აბაზოვისთვის წარდგენილი ბრალის, კერძოდ 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალის მოხსნა. თუმცა საიას მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ ბრალდების შემცირების მიუხედავად, მოსამართლეს შეეძლო 144 3-ე მუხლით [დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა] გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა”, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია,რომ დაზარალებულის ინტერესებს საია გამოძიების დაწყების მეორე დღიდან იცავს.

როგორც საია მიიჩნევს, სასამართლოს მიერ 12 თებერვალს თეიმურაზ აბაზოვის გამამართლებელი განაჩენი არის ერთგვარი წამახალისებელი გადაწყვეტილება მსგავსი ქმედებების ჩადენის მიმართ, რამაც შესაძლოა რთული პრაქტიკა დაამკვიდროს საზოგადოებაში.