ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი დააკავა. საქმე ეხება თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაძარცვის ფაქტს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 7 თებერვალს, 3 თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზია “რედბერში” და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 780 ლარის ღირებულების ვერცხლის სამკაულებს, რის შემდეგაც ოთხივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


“პოლიციის მიერ, ამავე საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირებულია სამივე თანამზრახველი, რომელთა მიმართ დამატებით მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.