პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
მისივე თქმით, ქვეყანაში დაბრუნება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ.
“მინდა გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია.
ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და მიმართულებებზე გეტყვით დამატებით საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.