მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე​, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ,

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;

სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები.