“ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, შიდა გავრცელების პრეცედენტზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა სამწუხაროდ მალავდნენ კონტაქტებს, მაგრამ მაინც მიაგნეს სხვადასხვა წყაროთი.

„ამ სამიდან, ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში. ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.