სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს რეკომენდაციას აძლევს

კორონავირუსის საფრთხის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზესოპერატორებს რეკომენდაციებს აძლევს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს და ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესოპერატორებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს. სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით“, – აცხადებენ სააგენტოში.

რეკომენდაციები ბიზნესოპერატორთათვის ასეთია:

1. გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;

2. ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 პროცენტს);

3. სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;

4. ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;

5. გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;

6. ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;

7. ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;

8. ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;

9. შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.