რუსთავში, ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომლის მუშაობის სავარაუდო მიმართულებებია: ქალაქში ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი საკითხები, ადგილობრივი და ცენტრალური კანონმდებლობა.
როგორც რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა, რევაზ ბარბაქაძემ განმარტა, საბჭოს ფუნქცია ბიზნესსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მეტი კოორდინირების მოხდენა, ქალაქის განვითარების საკითხებში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათ დაძლევაში ჩართულობაა.
ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს წევრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროფესიული კოლეჯის “მოდუსის” წარმომადგენლები და იურისტი იქნებიან.
საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება გასულ წელს იქნა მიღებული, როდესაც 2019 წლის დეკემბრის თვეში “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში რუსთავს პოლონეთის ქალაქ ჩელაჯის თვითმმართველობის თანამშრომელი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი, მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რუსთავში საინტერესო პროექტების განხორციელება იყო.