ჯანდაცვის მინისტრი-კორონავირუსთან საბრძოლველად მზადაა 3 სცენარი

მზადაა 3 სცენარი: პირველი ინფიცირებულთა სიმცირეს, მეორე – რამდენიმე ასეულს, მესამე კი 400-მდე მძიმე პაციენტს გულისხმობს, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად.

„სამი სცენარი ნიშნავს იმას, როდესაც ჩვენ ძალიან მსუბუქად გადავივლით ამ პანდემიას საქართველოში და ინფექციის გავრცელება, პაციენტების რაოდენობა ნაკლები იქნება, რაც შეიძლება შედარებით ხანგრძლივი პროცესი იყოს.

ასევე არის საშუალო სცენარი, რომელიც შეიძლება 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდეს და ის ქვეყანაში რამდენიმე ასეულ პაციენტს გულისხმობს. არსებობს კიდევ უფრო რთული სცენარი, როდესაც შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე უკვე მძიმე პაციენტი, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასევე საექიმო პერსონალი მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, მშვიდად ვიყოთ, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მოვდუნდეთ და მობილიზებულები არ ვიყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.