დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ტემპერატურული თერმოსკრინინგი დაახლოებით 140 000 ადამიანს ჩაუტარდა.
მათგან 80-ს ტემპერატურული მატება დაუფიქსირდა. 80-დან 30-მდე ადამიანი გადამისამართდა მარნეულის ცხელების ცენტრში.
„მარნეულსა და ბოლნისში ჩატარდა ძალიან სერიოზული ღონისძიებები. ძალიან კარგი იყო, რომ ამ მუნიციპალიტეტებში სრული თერმოსკრინინგი დაახლოებით, 140 ათას ადამიანს ჩაუტარდა. თუ არ ვცდები, იქიდან 80-მდე შემთხვევაში დაფიქსირდა ტემპერატურის მომატება და მათგან 30-მდე ადამიანი გადამისამართდა შემდგომ მარნეულის ცხელების ცენტრში… არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ამ ორი კლასტერიდან [მარნეული და ბოლნისი] სადღაც 12-დან 15-მდე ინფიცირებული იქნა იდენტიფიცირებული და ისინი დღეს მკურნალობენ. სამწუხაროდ, იცით, რომ ერთი ადამიანი, პირველი ვინც გარდაიცვალა, ამ კლასტერიდან იყო,” – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ STOPCOV.GE-ს მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 196, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 46, გარდაცვლილია -3.
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4674, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 ადამიანი რჩება.