ამირან გამყრელიძე – დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საქართველოსთვის აპრილის ბოლო და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული და საფრთხილო.

ამირან გამყრელიძის თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდა იქნება.

„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული. შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ეს არის სოციალური დისტანცირება, სხვა ამას ვერაფერი აჩერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობა  რეკომენდაციების გათვალისწინების გამო მადლობა გადაუხადა. 

„მადლობა მინდა გადავუხადო მრევლს, იმ უმეტეს ნაწილს, ვინც გაითვალისწინა რეკომენდაციები და გუშინ სააღდგომო ლიტურგია სხვა ფორმატით გაითავისა და არ მიბრძანდა ტაძრებში, რითაც შეამცირა რისკი ინფექციის შემდგომი გავრცელების, ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა მრევლს, რომელიც მიბრძანდა ტაძარში, მაგრამ დაიცვა ყველა ის რეკომენდაცია, რასაც საპატრიარქო და საქართველოს სახელმწიფო იძლეოდა, იყო დისტანცირება, ნაკლები რაოდენობა ხალხის და იდგნენ იმ ადგილზე, რომელიც სპეციალურად იყო გამოყოფილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.