მარტყოფის მამათა მონასტერში სასულიერო პირები სამედიცინო შემოწმებას ითხოვენ

მარტყოფის მამათა მონასტერში სასულიერო პირები სამედიცინო შემოწმებას ითხოვენ. ამის მიზეზი მონასტერში სტუმრად მყოფი კოვიდინფიცირებული მომცლოცველია. ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მონასტერში მოსალოცად რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და მას კონტაქტი მონასტრის წინამძღვართან ჰქონდა.

როგორც მამა ლაზარემ, ქრონიკას განუცხადა, საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა მონასტერში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცსაც,რომელიც გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა, თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს . კორონავირუსზე მამაკაცის ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. მამა ლაზარეს ინფორმაცით, არცერთი სასულიერო პირის შემთხვევაში სამონასტრო კომპლექსში საეჭვო სიმპტომები ამ დრომდე არ გამოვლენილა. მონასტერში პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა.

“ჩვენთან ცხოვრობს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც 20 აპრილს ტემპერატურა ჰქონდა დაახლოებით 37.3. დარეკეს სასწრაფოში და მან გადაიყვანა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.  მამათა მონასტერში დეზინფექცია ჩატარდა სულ სამჯერ. პირველად დავინახე სპეციალური ეკიპირებით მოსული ადამიანი, მეორედ თუ არ ვცდები, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან შეწამლეს, მესამედ კი მამა ბენიამინის ნაცნობი და მამაკაცმა ჩაატარა დეზინფექცია, რომელსაც სპეციალური მანქანა აქვს. თუ მაინცდამაინც არსებობს ამის საშიშროება, ხომ უნდა გაეთვალისიწინებია მინისტრსა და მის ქვეშევრდომებს რომ სამედიცინო შემოწმება ჩაეტარებინათ, თუნდაც მამა ბენიამინი შეემოწმებინათ რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ქალთან?!”,-აღნიშნა მამა დიმიტრიმ. 

აღსანიშნავია, რომ მამა ლაზარეს თქმით, მოძღვარი რომელსაც კოვიდინფიცირებულ ქალთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ დროისთვის მამათა მონასტრის ის ნაწილი, სადაც სასულიერო პირები იმყოფებიან დახურულია, თუმცა სამონასტრო კომპლქსის სხვა ნაწილში მრევლისთვის მისვლა შეზღუდული არ არის. მონასტერში ამ დროისთვის 5 სასულიერო პირი მოღვაწეობს.